სწავლება თამაშით

      ნანო ტექნოლოგიების და ვიზუალური ეფექტების საუკუნეში არასაკმარისია ასწავლო მხოლოდ დაფა-ცარცის მეშვეობით.
 ალბათ დამეთანხმებით, რთულია ნაკლებ მოტივირებული მოსწავლე ზედმეტად გადატყლარჭული მეცნიერული ენით დააინტერესო, აიძულო მისთვის გაუგებარი რამის მოსმენა...
        
  საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე მინდა მოგახსენოთ: პატივცემულო დიდაქტიკოსებო, ლექციების და მონოლოგების, საკუთარი ხმის ჟღერადობით ტკობის მოყვარულებო, სიბრძნის სირთულეში მაძიებელნო, მასწავლებელთა გამოცდაზე ერთი ქულის ამღებნო და ათიანის მიუწვდომლად გამაძვირებელნო! გაიხსენეთ თქვენი მოსწავლეობა, გაიხსენეთ, როგორ გესიკვდილებოდათ 45 წუთი გესმინათ უგერგილო მასწავლებლის ან მეზეპირე მოსწავლის „ცოდნის“ ფრქვევისთვის. 
    პედაგოგიურ საბჭოზე შეგნებულ კოლეგათა ელექტორატსაც ვერ  მოასმენინებ მისთვის უინტერესო სტატისტიკურ ბლა-ბლა-ბლას, მოუთმენელი ქაოსი და ფუსფუსი გარდაუვალია, მაშ რატომ  გვიკვირს როდესაც მოსწავლე ვერ ისმენს იმას, რაც არ ესმის? 
    
    მე საჩემოდ ასე დავასკვენი:  ვასწავლო კეთებით, თამაშით, მეცნიერული ტრაქტატები მარტივი ენით გავაადამიანურო. შევაყვარო აზროვნება და არა მტკნარი ცოდნა.  ადვილად ვწერო მაღალი ქულა, თუ ამით მოტივაციას ვზრდი და მოსწავლეს არ ვრყვნი. გადავიდე მომდევნო თემაზე მას შემდეგ, როცა უმეტესობა კარგად, მაგრამ დანარჩენი საშუალოდ მაინც  გაიგებს, ყველა დაკმაყოფილდება, ყველა მიიღებს ზრუნვის სათანადო  ულუფას. 

   წარმოგიდგენთ თამაშით სწავლების ჩემეულ მოდელს: ვასწავლი და მოსალოდნელი თამაშით ვამოტივირებ. გუნდების შემადგენლობებს სამი-ოთხი თამაშის განმავლობაში უცვლელად ვტოვებ, ეს გუნდის შიგნით თანამშრომლობით კულტურას, გუნდურობის შეგრძნებას  აყალიბებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საჭიროა როტაცია (გუნდების გადახალისება), რათა გამოირიცხოს არაჯანსაღი დაპირისპირება მათ შორის.
      გუნდის ლიდერი (კაპიტანი), რომელსაც თავად ვარჩევ,  გამოირჩევა არა მხოლოდ ცოდნის დონით, არამედ  ადამიანური თვისებებითაც, იგი თანაგუნდელებისთვის არის მოტივატორიც და ინტელექტუალური მეგობარიც.
   ამით ლიდერობასთან ერთად პასუხისმგებლობასაც ვაზიარებ და სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებლის სოლოს, ბანი ჯობია ნამდვილად. ვნახე რომ, მოსწავლეებიც სიამოვნებით მასწავლებლობენ, ხალისით ირგებენ ამ ამპლუას.
  სასწავლო წლის მთელ მანძილზე სათამაშოდ ეფექტურია თამაში, სადაც ორიგამი (ქაღალდის ფიგურებს) ვმალავ სკოლის ფარგლებში და კოორდინატებს ვშიფრავ მოსწავლეთათვის. აქტიური მოსწავლეები ხსნიან თავსატეხებს და მომდევნო საფეხურზე ინაცვლებენ.  დავალებათა  შორის  ხვდებათ უცნობი და უახლოეს მომავალში მისაღები ცოდნაც, ეს მათ აიძულებთ იყვნენ როგორც ყურადღებიანი  მსმენელები, ასევე ბეჯითი მოსწავლეები.
   რაღა დაგიმალოთ და ერთფეროვანი თამაშიც მოსაბეზრებელია. უკეთესი ეფექტისთვის საჭიროა მეტი დინამიკა და მრავალფეროვნება.
   არ გაგიკვირდეთ თუ თამაშის არმსურველთაც ნახავთ, ასეთ მოსწავლეებს, როგორც წესი, სწავლაც არ უნდათ, აზროვნებაც ეზარებათ.
     მე არ გთავაზობთ რაღაც უნივერსალურს, მე ერთ-ერთ გზას გთავაზობთ. იქნებ თქვენც ცადოთ...
 წარმოგიდგენთ ავტორიტეტულ ინსტანციას, რომელიც ამ თემას ასევე აპიარებს: http://mastsavlebeli.ge/?p=2331

DOWNLOAD-ებში გთავაზობთ გადმოწერას.
  • თუ სულ მცირედით მაინც იცით საოფისე პროგრამა Powerpoint,  ადვილად შეძლებთ ჩემი თამაშების   სათქვენოდ გადაკეთებას.

                                                                                                                                  პატივისცემით მე.